
იოსებ ოცხელის სახ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლისათვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვა სასწავლო დაწესებულებებთან.
გასულ სასწავლო წელს სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები ეწვივნენ ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე გორის რაიონის სოფ. კარბის საჯარო სკოლას და გადასცეს მას წიგნები. ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ორი სკოლის კავშირს. ახლახან, 26 აპრილს, ჩვენს სკოლას ესტუმრნენ კარბის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.მათ მასპინძ₾ობა გაუწია მკითხველთა კლუბმა, რომლის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ჭეიშვილმა და კლუბის წევრებმაც მოუთხრეს სტუმრებს სკოლის ისტორია, დაათვალიერებინეს სკოლის შენობა.
სტუმრებს შეხვდა სკოლის დირექტორი, ბ-ნი მ. ჯიშკარიანი. შეხვედრისას ორი რეგიონის მასწავლებლებმა ისაუბრეს თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ, ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება. სტუმრებს მიესალმნენ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ქ-ნი თ. სვანაძე, სკოლის ბიბლიოთეკის გამგე, ქ-ნი მ. კვიტაშვილი და ასევე სხვა მასწავლებლები.
სტუმრები დაესწრნენ ჩვენი სკოლის მე-8/გ კლასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს "საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი", რომელიც მიეძღვნა საქართველოს არმიის დღეს. სპექტაკლმა მაყურებლების, მათ შორის, ჩვენი სტუმრების, დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებს მიმართა და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა კარბის სკოლის მასწავლებელმა, ბ-ნმა დავით ინაურმა.
სპექტაკლის შემდეგ, ორი სკოლის მკითხველთა კლუბების წევრებმა, დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი, ისაუბრეს ქვეყნის ისტორიაში მისი მნიშვნელობის შესახებ.
დასასრულ, ორივე სკოლის მასწავლებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდება და დადებითად აისახება მოსწავლეთა განვითარებაზე.