
სსიპ იოსებ ოცხელისა სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით შეირჩა დაინტერესებულ მოსწავლეთა, უპირველესად გოგონების ჯგუფი, რომელიც კეცხოველის კონკურსის ფარგლებში ესტუმრა ქალაქში ცნობილი დიზაინერისა და წარმატებული ქალბატონის მარიკა მოდებაძის სალონ-ატელიეს. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მარიკას ნაწარმი არა მხოლოდ ქუთაისშია პოპულარული, ის საკმაოდ წარმატებით იყიდება საქართველოს მასშტაბით, ასევე ათენში, ნიუ-იორკსა და პარიზშიც აქვს მაღაზია. „მარიკა მოდებაძე“ უკვე ბრენდია, რომლის უკანაც დგას ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე და საინტერესო ქალბატონი. ქალბატონი მარიკა მოსწავლეებს ესაუბრა მის მიერ განვლილ გზაზე, გაუზიარა გამოცდილება და რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მისცა, როგორ შეიძლება ფაქტიურად ნულიდან დაიწყო საქმე და ააშენო წარმატებული ბიზნესი. გოგონებმა დაუსვეს კითხვა, რა არის მისი წარმატების საიდუმლო ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კარიერის დაგეგმვისას. ქალბატონმა მარიკამ ყურადღება გაამახვილა მისი ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც დაეხმარა, ჰქონოდა საყვარელი საქმე და წარმატებული ბიზნესი. ეს თვისებებია: თავმდაბლობა, პოზიტიური ურთიერთობა თანამშრომლებთან და კლიენტებთან, გაბედულება, რისკი, განსხვავებულობა, საქმისადმი სიყვარული, მუხლჩაუხრელი შრომა. აღსანიშნავია, რომ გარემო არის ძალიან ფერადი, ნათელი, პოზიტიური, რომელსაც თავად ქალბატონი მარიკა ქმნის. შეხვედრის დასარულს მასპინძელმა შესთავაზა მოსწავლეებს, გამოიყენონ შეთავაზება, ხშირად ესტუმრონ სალონ-ატელიეს და მიიღონ ამ მიმართულებით გამოცდილება.