ამერიკულ აკადემიასთან მემორანდუმი გაფორმდა

image

პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგში საშუალო და ამჯერად სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა ღირსეულად აგრძელებს ისტორიას.

2023 წლის ნოემბერში სკოლაში გამართულ პედაგოგთა რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებლის, დიდი პედაგოგის ნიკო ჯაფარიძის ხსოვნას, კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები -დავით, მარინა და ნინო ჯაფარიძეები. აღსანიშნავია ჩვენი სკოლის პედაგოგის, ქალბატონ მარინე რუსაძის შრომა და ძალისხმევა ამ მიმართულებით. შეხვედრას პრაქტიკული შედეგებიც მოჰყვა - 2024 წლის 20 აპრილს, პედაგოგთა ჯგუფი, სკოლის დირექტორ ბატონ მურად ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, ესტუმრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას თბილისში, ქალბატონ მარინა ჯაფარიძის მიწვევით, რომელიც არის აღნიშნული სკოლის დირექტორის მოადგილე; შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს და დაისახა სამომავლო გეგმები. ეს კარგი შესაძლებლობაა ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, გაეცნონ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ გამოცდილებას და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე დანერგონ სწავლა-სწავლების პროცესში .