კონფერენცია „მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“

image

სსიპ ოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია „მძიმე მეტალები ჩვენს ირგვლივ“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ყველა გამომსვლელის მოხსენება იყო ძალიან საინტერესო, აქტუალური და პრაქტიკული. რაც მთავარია, მოსწავლეებმა მოახდინეს ქიმიასა და ბიოლოგიაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი და ის დაუკავშირეს გარემოსდაცვით საკითხებს. კერძოდ, მათ ისაუბრეს მძიმე და ტოქსიკური მეტალების თვისებებზე, გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურების ძირითად წყაროებზე და აღნიშნეს, რომ ის ძირითადად გამოწვეულია ანთროპოგენური ფაქტორებით ( მადნეულის მოპოვება და დამუშავება, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, მჟავა წვიმები, ურბანულ-ინდუსტრიული ჩამდინარე წყლები, თბოელექტროსადგურაბის ემისია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ნაგავსაყრელები და სხვა). ისაუბრეს, რა გავლენას ახდენს მძიმე მეტალების ზდკ-ზე მეტი რაოდენობით დაგროვება ცოცხალ ორგანიზმებში და საერთოდ გარემოში; მომხსნებლებმა აღნიშნეს იმ დაავადებების შესახებ, რომელიც გამოწვეულია მძიმე და ტოქსიკური მეტალების დაგროვებით; მსმენელებს გააცნეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა: მაგალითად, როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი კოსმეტიკა, რა უნდა ვიცოდეთ სურსათსა და მშენებლობაში გამოყენებული მეტალების შესახებ; როგორ განვდევნოთ ორგანიზმში დაგროვილი ტოქსიკური მეტალები; რა გზებით და რა ფორმით ხვდება ჰაერში ეს მეტალები, როგორია პრევენციული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მინამატას დაავადებაზე და შესაბამისად მინამატას კონვენციაზე. აღნიშნეს ის ძირითადი საკითხები, რომელიც ამ კონვენციაშია გადმოცემული: ტოქსიკური მეტალები არა მხოლოდ ნიადაგში და წყალში ხვდებიან, არამედ ჰაერშიც. ვერცხლისწყლით გარემოს დაბინძურება ხდება ძირითადად ოქროს მცირე კუსტარული საწარმოებით და თბოელექტროსადგურებით. ასევე აღინიშნა ის გარემოებაც, რომ მინამატას კონვენციას შეუერთდა საქართველოც.