ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დახურვა

image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, 19 აპრილს, ქართული ენის კვირეული საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

ღონისძიებაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარემ ნინო თურქიამ, კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ქართული კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. კონკურსი „ანბანთქარგვა“ 15 და 16 აპრილს ჩატარდა 2-11 კლასებში. მოსწავლეთა ნამუშევრები ჟიურის წევრებმა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ნინო თურქიამ, მარინა ჭეიშვილმა, თათია ჭუმბურიძემ და დარინა ყურუამ შეაფასეს და მათ შორის გამარჯვებულები გამოავლინეს. I, II და III ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და საჩუქრებით. პირველი ადგილის მფლობელს კი ქალბატონმა ნინომ, საკუთარი ინიციატივით, ფულადი ჯილდოც გადასცა. კონკურსში მონაწილე სხვა მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა, ჟიურიმ სიგელებით დააჯილდოვა.

გარდა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებისა, ღონისძიებაზე, ქალბატონი ნინოს ინიციატივით, ჩვენი სკოლის ყველა კათედრას გადაეცა სიმბოლური საჩუქარი, რომელიც ქართული ენის კვირეულის გამოძახილი იყო.

მოულოდნელი იყო როგორც ქალბატონი ნინოსთვის,ასევე სტუმრებისთვისაც იოსებ ოცხელის საზოგადოების ხელმძღვანელთა საჩუქარი. იოსებ ოცხელის საზოგადოების ინიციატივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო თურქია, დაჯილდოვდა საპატიო სიგელით „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციისათვის და სიმბოლური საჩუქრით , როგორც ეროვნული საუნჯის გუშაგი.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელი 8-19 აპრილის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის მანძლზე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელთა მიერ ჩატარდა უამრავი საკლასო თუ სასკოლო ღონისძიება, საზეიმო ვითარებაში, ზღვა ემოციითა და მოულოდნელი სიურპრიზებით დაიხურა.

იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული ენის - სახელმწიფო ენის დღეს!