"ხეებზე გაკრული ლექსები"

image

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

9 აპრილი, საქართველოსთვის, დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

35 წლის შემდეგ, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს „ხეებზე გაკრული ლექსები“, რომლებიც მაშინ პოეტებმა ამ დღეს მიუძღვნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა გოგავა გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

მე-9/ვ (დამრიგებელი ზურა ზვიადაძე),

მე-8/დ (დამრიგებელი თამთა ხაჭაპურიძე),

მე-6/ვ (დამრიგებელი ანა გოგავა) და

მე-5/ა (დამრიგებელი ნატო რუხაძე) კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიისა და, ამავდროულად, ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ ემოციური სანახაობა წარმოგვიდგინეს.

9 აპრილი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ერად არსებობა გაგვაგრძელებინა და შესაბამისად, სახელმწიფოც შედგა, მთავარი მონაპოვრით – თავისუფლებით.

35 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, პუტჩი, ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, თუმცა 9 აპრილი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელი და ჩვენც, ქართველი ერი, ყოველთვის გავიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს, ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია.