ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე

image

სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ედელვაისი“ წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“.

18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს, სკოლას სტუმრობდა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ვენერა მკრტიჩიანი. იგი შეხვდა ეკოკლუბის წევრებს და სკოლის მეათეკლასელებს. ქალბატონი ვენერა ესაუბრა მოსწავლეებს, თუ რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა; ისაუბრა რეციკლირების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მაგალითად მოიყვანა ქაღალდის მაგალითი: 1990 წელს რეციკლირებული ქარალდის მოცულობა ევროპულ ქვეყნებში ქაღალდის ინდუსტრიაში გამოყენებული ქაღალდის 40%-ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლისთვის ეს მაჩვენებეელი 53%-მდე გაიზარდა, რაც დღეს კიდევ უფრო გაზრდილია. აღნიშნა, რომ 1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით გადარჩება 17 ხე,რაც ნიშნავს ბუნებრივ ეკოსისტემებზე ზრუნვას, მათ გაფრთხილებას. ამასთან, დაიზოგება 26 500 ლ წყალი, 682, 5 გალონი ნავთობი. მოსწავლეებმა იქვე საინტერესო გაანგარიშება აწარმოეს: დაიანგარიშეს საშუალოდ მე-2 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად რამდენი ქაღალდი იხარჯება. სკოლაში 2000-მდე მოსწავლეა და თუ შევკრებთ მათ მიერ და სკოლის სხვა პერსონალის მიერ გახარჯული ქაღალდის რაოდენობას, წელიწადში, დაახლოებით, გამოდის 3 ტონამდე. მისი, როგორც ნედლეულის გამოყენებით კი გადარჩება დაახლოებით 50-მდე ხე, რაც ერთ პატარა სკვერს მოაწყობდა. აქვე გაჩნდა იდეა ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყონ ერთგვარი გამოწვევა - „დარგე ხე, იზრუნე გარემოზე“. ქალბატონმა ვენერამ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვა მასალების რეცირკულაცია გარემოს გაჯანსაღების და რესურსების დაზოგვის მიზნით. ასევე, მოსწავლეებს გააცნო 2020 წლის 11 მარტის ევროკომისიის ახალი სამოქმედო გეგმის „სუფთა და უფრო კომპეტენტური ევროპისთვის“ რამდენიმე პუნქტი, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ ნარჩენების მართვა პირდაპირ კორელაციაშია კლიმატის ცვლილებებთან.

შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ვენერამ მოსწავლეებს შესთავაზა აფსაიკლინგი, მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეს ძველ და გამოუსადეგარ საგნებს, დაამზადეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სასწავლო რესურსები. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა და გადამუშავება.