
ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცე ყოველთვის ღიაა მოსწავლეთათვის საინტერესო და საჭირო იდეების განსახორციელებლად.
პირველად, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის "სტომატოლოგია ბავშვთა ცხოვრებაში" განხორციელება, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავთ კლინიკა "დენტალ ლიდერის" ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგი ექიმი-სტომატოლოგი ირმა გორგოძე.
პროგრამის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, დაწყებითი საფეხურის კლასებში, სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ ჩაატარა სემინარები პირის ღრუს მოვლის შესახებ. მოსწავლეებს საინტერესო და თვალსაჩინო ღონისძიებებით მიაწოდა საჭირო ინფორმაცია სტომატოლოგიის შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ თეორიულ მასალას კბილებისა და პირის ღრუს მოვლის შესახებ, ნახეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები და ისწავლეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მათი სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს სკოლაში და აღნიშნული სემინარი სრულიად უანგაროდ და მისი კეთილი ნებით ჩაატარა ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგმა, ექიმმა სტომატოლოგმა ირმა გორგოძემ.
აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირეს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით განხორციელდა კიდეც.
სკოლის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ირმა გორგოძეს, რომლის ორგანიზებითა და ძალისხმევით, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შემეცნებითი კვირა აღმოჩნდა ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.