
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბი "სარკმელი", ენგურჰესის თაღოვან კაშხალს სტუმრობდა.
ისტორიის მასწავლებლის ხათუნა აფრიდონიძისა და გეოგრაფიის მასწავლებლის მაია როხვაძის ხელმძღვანელობით, ჩვენი სკოლის უფროსკლასელები, აფხაზეთის საზღვართან მდებარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ობიექტს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუნქციონირებას.
მოგეხსენებათ, ენგურჰესს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, არამედ, ეს არის ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, რამეთუ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ორივე მხარის მიერ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი საერთო ეკონომიკური საქმიანობაა, რომელსაც შეუძლია ბევრად დიდი როლი შეასრულოს ქართულ- აფხაზურ ურთიერთობათა დარეგულირებაში. ეს არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს და რამაც საბოლოოდ უნდა გაგვაერთიანოს ერთ მთლიან ერად.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას , ენგურჰესის უნიკალური თაღოვანი კაშხალის მშენებლობის, მისი მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათი გაგრძელდა და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა და წყალსაცავის ფარების განყოფილება. ასევე იმყოფებოდნენ სადერივაციო გვირაბში და ნახეს ის სტრატეგიული პუნქტები, რომლითაც იმართება და ფუნქციონირებს ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი.
ცნობისთვის, ენგურჰესის კაშხალი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თაღოვან კაშხლებში და მეექვსე ადგილზეა ზოგადად კაშხლებს შორის. ის ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ,,მშვიდობის ხიდის " (ენგურის ხიდის) მონახულებაც და ვაგლახ ... ამჯერადაც ვერ გადავლახეთ.