
,,ოთხსა დიდსა მახარობელს ვინ დაულევს დიდებასო
იაკობი მახარობლობს ლაზარეს აღდგინებასო"! - ახალი სუნთქვა გაუხსნა ყველა დროის დიდმა პედაგოგმა ქართულ ენას, ლაზარესავით აღადგინა და ახალი თაობაც შეუსია სიბრძნის დასაწაფებლად. მისი დაბადების თარიღის მასწავლებელთა დღედ გამოცხადება ნამდვილად არის პატივის მიგება მისთვის. ამავე დროს, ყველა მასწავლებლისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ეს ერთგვარად გვავალებს მისებური ენთუზიაზმით, მისებური ალტრუიზმით, საქმისადმი ერთგულებით, რწმენამდე აყვანილი პროფესიონალიზმით მოვეკიდოთ აღმზრდელობით სამსახურს.
მომავალი თაობის სამსახურში ყოფნა არ არის იოლი საქმე. სრულ თავშეწირვას მოითხოვს. როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორი მწვრთნელი ჰყავს დღევანდელ დღეს. ამიტომ მასწავლებლობის პროფესიას მოფრთხილება სჭირდება, დაფასებაც სჭირდება საზოგადოებისაგან. თუ მასწავლებელი დაფასებული არ არის, იდეას ძირშივე ენგრევა საფუძველი.
პროფესიულ დღეს გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო. თქვენი საქმიანობით სიამოვნებას, თაობათა მადლიერებას გისურვებთ. უზადოდ გატანილი ლელოს ბრწყინვალება ჰქონდეს თქვენს ნაშრომს, სიბრძნის მწვერვალების დაპყრობა, კეთილსინდისიერი მოქალაქეების ჩამოყალიბება, ეროვნული და მოქალაქეობრივი პრინციპებით ნასაზრდოები თაობების სამომავლო ღვაწლი - ამ ყველაფრის საფუძვლად და პირველწყაროდ გეგრძნოთ თავი.
მასწავლებლობა პროფესია კი არა, ხანგრძლივი ცხოვრების გზაა. გისურვებთ, თითოეულ თქვენგანს ეს გზა ღირსეულად და წარმატებით გაგევლოთ!