VI დ კლასის სტუმრობა საჯარო ბიბლიოთეკაში

image

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის VI დ კლასი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდა.

VI დ კლასის დამრიგებლის ნანა ხარაბაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დარინა ყურუას ორგანიზებით, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი ღონისძიება შედგა.

ბიბლიოთეკაში სტუმრობის მთავარი მიზანი იყო, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდის მონახულება, მათ შორის, იშვიათი გამოცემების, ლექსიკონებისა და ენციკლოპედიების დათვალიერება.

ბიბლიოთეკის შესასვლელშივე შემოგვეგება ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გია ქობალიანი, რომელმაც მოსწავლეებს წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის. სტუმრებს მასპინძლობა გაგვიწია ხარისხის მართვის განყოფილების გამგემ ქალბატონმა ციცინო ფოფხაძემ. მან მოსწავლეებს მოკლე ექსკურსია ჩაუტარა ბიბლიოთეკის დაარსებისა და იქ დაცული წიგნადი ფონდის შესახებ. შემდეგ დაათვალიერებინა ბიბლიოთეკის შენობა და იქ არსებული წესები გააცნო. კატალოგზაციის განყოფილების თანამშრომელმა ქრისტინე ნიქაბაძემ მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისა და წიგნით სარგებლობის წესების შესახებ ესაუბრა; კატალოგში წიგნის მოძებნის ხერხები ასწავლა და იქ დაცული წიგნების კლასიფიკაციისა და თემატიკის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში არსებული სხვადასხვა განყოფილება და იქ მომუშავე პერსონალს შეხვდნენ. ადგილზე იხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული და გამოცემული ჟურნალ-გაზეთები „ივერია“ და „საქართველოს მოამბე“. ნახეს XIX-XX საუკუნეებში გამოცემული საბავშვო წიგნები შავ-თეთრი ილუსტრაციებით, სადაც დაბეჭდილი იყო, როგორც ქართული, ასევე უცხო ენებიდან ნათარგმნი ზღაპრები და მოთხრობები. რესტავრატორმა, ქალბატონმა ირმა ბენიძემ მოსწავლეებს აუხსნა თუ როგორ ხდება დაზიანებული და დროთა განმავლობაში გაცრეცილი წიგნების აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება. ესაუბრა თუ რა მასალებსა და ტექნიკას იყენებენ ამ საქმის შესასრულებლად და რამდენად შრომატევადი და რთულია წიგნის თითოეული დაზიანებული გვერდის აღდგენა.

განსაკუთრებით ემოციური იყო იშვიათი გამოცემების განყოფილებაში ვიზიტი. განყოფილების გამგემ, ქალბატონმა ლია რუსაძემ მოსწავლეებს წარუდგინა უძველესი და იშვიათი გამოცემის წიგნები, რომელთა ღირებულება სიძველისა და მათში არსებული მასალების გამო, შეუფასებელი და უძვირფასესი განძია, როგორც ჩვენი ქალაქისათვის, ასევე ქვეყნისთვისაც. მოსწავლეებმა ნახეს უძველესი გამოცემის ბიბლია, რომლის ყდა ქართული ჭედური ყდის უნიკალურ ნიმუშს წარმოდგენს. ასევე მათ დაათვალიერეს უძველესი ლექსიკონები და ქართული ენციკლოპედიის ადრეული გამოცემები.

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და ინფორმაციული შეიქმნა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რიტა წაქაძეს, რომლის ორგანიზებითა და ჩართულობით შედგა ეს ღონისძეიბა.