
ახალი სასწავლო წელი იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში სიახლეებით დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე სკოლის სტიპენდიანტი მოსწავლეები დააჯილდოვეს!
სკოლის ოთხ მოსწავლესა და ერთ კურსდამთავრებულს სტიპენდიები გადაეცა!
სტიპენდიები გადაეცათ:
სილოვან ხუნდაძის სახელობის სტიპენდია:
1)ლუკა მახათაძე,
2)ნათია ყურაშვილი
3) სოფო ჩხობაძე
იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდია:
გიორგი ფახურიძე
"წლის მოსწავლე"- საბა მანაგაძე
სკოლაში სტიპენდიის დაარსების იდეა და მისი განხორციელება ჩვენი სკოლის დამაარსებლის სილოვან ხუნდაძის შთამომავალს ქალბატონ ეკა ასათიანს ეკუთვნის. ჩაფიქრებული საქმე კი განახორციელეს სკოლის დირექტორმა ბატონმა მურად ჯიშკარიანმა და მასწავლებლებმა მარინე რუსაძემ და მარინე ჭეიშვილმა.
მათი ორგანიზებით სკოლაში შეიქმნა კომისია საგნობრივი კათედრების მიხედვით, დასახელდნენ კანდიდატები და შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ სტიპენდია სრულად ფინანსდება ქალბატონი ეკა ასათიანის მიერ, ხოლო „იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდიას“ კი პირადად აფინანსებს სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი.
სკოლაში გამართულ საზეიმო დაჯილდოებამდე კი იყო ძალიან საინტერესო, რთული და ამავდროულად მრავალფეროვანი გზა:
2020 წელს სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლას შეუსრულდა დაარსებიდან 140 წელი. პანდემიის გამო ვერ მოხდა საიუბილეო თარიღის ჯეროვნად აღნიშვნა, თუმცა საფუძველი ჩაეყარა საინტერესო იდეას ე.წ. „გამოწვევის“ სახით: ჩვენი სკოლის მასწავლებლის მარინე რუსაძის ორგანიზებით განხორციელდა „ონალაინღონისძება“, სადაც კურსდამთავრებულები, პედაგოგები და სკოლის გულშემატკივრები ვიდეორგოლების საშუალებით საუბრობდნენ სკოლის ისტორიაზე. ჩაიწერა დაახლოებით ასზე მეტი პიროვნება და ვიდეორგოლი, სადაც გაჟღერდა სკოლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები. აღნიშნულმა აქტივობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მას მიეძღვნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელისა და რადიო „იმედის“ რეპორტაჟები. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში , მარინე რუსაძის ორგანიზებით, მე-2 საჯარო სკოლაში 2021-2022 საწავლო წელს განხორციელდა პროექტი „ნაბიჯი მომავალში“, რომლის მიზანიც იყო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა და პოპულარიზაცია; პროექტი დასრულდა შემაჯამებელი კონფერენციით, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად-სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა) ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, სილოვან ხუნდაძის, შთამომავალი, ქალბატონი ეკა ასათიანი, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალბატონ მარინე რუსაძეს, ქალბატონ ეკასთან დაკავშირებაში დაეხმარნენ ქალბატონი თეა ფირცხელავა Tea Pirtskhalava და ბატონი მურაზ ჭუმბურიძე, Muraz Chumburidze, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. რომ არა ისინი, ალბათ, ვერ მოხერხდებოდა ქალბატონ ეკასთან კონტაქტი და ამ დიდი საქმის განხორციელება.
კონფერენციაზე ონლაინჩართვისას, ქალბატონმა ეკამ გამოთქვა მზადყოფნა, სტიპენდიებით დაეფინანსებინა სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და კურსდამთავრებული. ამ იდეის განსახორციელებლად სკოლაში შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელმაც შეადგინა საკონკურსო წესდება, დებულება, კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა საკუთესო მოსწავლეთა გამოსავლენად.
სტიპენდიანტების გამოსავლენად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საგნობრივი კათედრების მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან შეარჩია გასული სასწავლო წლის გამორჩეული მოსწავლეები შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა, STEM საგნები, ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობა, უცხოური ენები.
და აი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში სტიპენდიანტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. სილოვან ხუნდაძის სტიპენდიები, ქ-ნი ეკა ასათიანის დაფინანსებით, გადაეცათ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს: ნათია ყურაშვილს, სოფიო ჩხობაძეს და ლუკა მახათაძეს, ხოლო სკოლის კურსდამთავრებულს, საბა მანაგაძეს, დაუფინანსდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. სკოლის დირექტორის, ბ-ნი მ. ჯიშკარიანის დაფინანსებით კი იოსებ ოცხელის სახ. სტიპენდია გადაეცა გიორგი ფახურიძეს.
შრომატევადი, მაგრამ საინტერესო გზა, ჩვენი სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მარინე რუსაძისა და მარინე ჭეიშვილის ძალისხმევით, წარმატებით დაგვირგვინდა. კიდევ ერთ საჭირო საქმეს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც აუცილებლად მეტი და მეტი მოტივაციის მიმცემი იქნება თითოეული მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვისა თუ მშობლისთვის.
დარწმუნებული ვართ, დღეს სკოლის ისტორიულ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და მომავალ სასწავლო წლებშიც ბევრ წარმატებულ მოსწავლეს დავაჯილდოებთ სტიპენდიით.
გვჯერა, ეს ახალგაზრდები თავიანთ სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის წინსვლაში.
სკოლის სახელით ვულოცავთ თითოეულ მოსწავლესა და მათ მასწავლებლებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს დამსახურებულ სტიპენდიას.
არამხოლოდ სკოლის, არამედ მთელი ქალაქის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის დამაარსებლის სილოვან ხუნდაძის შთამომავალს ქალბატონ ეკა ასათიანს, რომლის ძალისხმევითა და დაფინანსებით განხორციელდა ისტორიული პროექტი.