
2024 წლის 14 თებერვალს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები სკოლის დირექტორ ბატონ მურად ჯიშკარიანთან და პედაგოგებთან მარინე რუსაძესა და ნინო ფაჩუაშვილთან ერთად ესტუმრნენ ქობულეთში მსოფლიო მნიშვნელობის და ჩვენი პლანეტის უძველეს პერკოლაციურ ტორფნარს ისპანი-2-ს.
კლუბის წევრებს ისპანის ტორფნარის გარემოსდაცვით ღირებულებებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ისტორიულ მნიშვნელობაზე ესაუბრა ქალბატონი სოფო თხილაიშვილი-ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი. არანაკლებ საინტერესო იყო კლუბის წევრების საუბარი სახელმწიფო ნაკრძალის უხუცეს რეინჯერთან ბატონ გურამ ვერულიძესთან. მათ ფაქტებით ისაუბრეს ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის გარემოსდაცვითი, ბიომრავალფეროვნებისა და უდიდესი კულტურული და არქეოლოგიურ-ისტორიული ღირებულებების შესახებ.
როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს აქვს უდიდესი პოტენციალი ტურიზმის (სამეცნიერო ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი უნიკალური კლიმატის გამო) განვითარების მხრივ.
ქობულეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს 1996 წლიდან იცავს რამსარის კონვენცია. დაცული ტერიტორიის სტატუსი კი ამ ადგილს მიენიჭა 1999 წლიდან, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალსა და ქობულეთის აღკვეთილს. 2019 წლიდან კი იგი ნომინირებულია იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მისაღებად და რომელიც მიიღო 2021 წლის ივლისში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქალბატონ იზოლდა მაჭუტაძის ღვაწლი ამ მნიშვნელოვან საქმეში.
მაინც რატომ არის უნიკალური ისპანი-2?
• მსოფლიოში ყველაზე მეტად ხელუხლებელი სფაგნუმიანი ტორფნარია
• მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს ანუ აქვს უნიკალური ჰიდროლოგიური რეჟიმი
• აქვს გუმბათის ფორმა, რომლის ზედაპირი გლუვია
• ტორფი გაუხრწნელია და ე.წ. პერკოლაციურია
• ტორფნარზე მოზარდი სფაგნუმი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება მსოფლიოში
• გუმბათზე გავრცელებულია გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ტორფის ხავსი-Sphagnum imbricatum -ერთგვარი სისუფთავის ინდიკატორი.
• ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი ბრინჯაოს ხანისაა, აქ 6-7 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი
ძალიან მნიშვნელოვანია ისპანი-2-ის როლი ლოკალური კლიმატისა და წყლის რეგულაციის თვალსაზრისით. წყლის რეგულაციას განსაზღვრავს ე.წ. სფაგნუმის ხავსი, რომელსაც აქვს უნიკალური თვისება შეიწოვოს მის მასაზე 30-ჯერ მეტი წყალი, რაც იცავს ქობულეთს წყალდიდობებისგან.
სფაგნუმიან ტორფნართან ერთად ასევე ძალიან საინტერესოა ფრინველებზე (გადამფრენი, მოზამთრე, მობუდარი) დაკვირვება და ფლორისა და ფაუნის საინტერესო ნიმუშების გაცნობა.
ამ ვიზიტით კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა; რომ ბუნებაში „ზედმეტი“ არაფერია, მათ შორის ჭაობი.
ქობულეთის ტორფნარის შემდეგ კლუბის წევრები ესტუმრნენ ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს.