




მიმდინარე სასწავლო წლის 7 მარტს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი პედაგოგებთან მარინე რუსაძესთან და მარინე ჭეიშვილთან ერთად მიწვევით იმყოფებოდნენ თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ აკადემიის სტრუქტურას, სწავლის სპეციფიკას, პროგრამებს; დაესწრნენ რამდენიმე გაკვეთილს და საგაკვეთილო პროცესშიც აქტიურად ჩაერთნენ. დაათვალიერეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, უმდიდრესი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ატარებს ერთ-ერთი დამფუძნებლის თომასის სახელს. აკადემიის ბიბლიოთეკას ჩვენის სკოლის დირექტორის ბატონ მურად ჯიშკარიანის სახელით ქალბატონმა მარინე რუსაძემ სამახსოვროდ გადასცა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი საინტერესო გამოცემა.
მთელი დღის მანძილზე სტუმრებს მასპინძლობდა და სკოლას აცნობდა თავად ქალბატონი მარინე ჯაფარიძე, ქართულ-ამერიკული აკადემიის დირექტორის მოადგილე (ამჟამად დირექტორია ბატონი კრუზი). სკოლის შაბათის პროგრამებზე და სხვა არასაგაკვეთილო აქტივობებზე მოსწავლეებს ესაუბრა მოსწავლეთა დეკანი ქალბატონი ეკა ტატიშვილი. დღის ბოლოს ჩვენი სკოლისა და ამერიკული აკადემიის მოსწავლეები არაფორმალურ გარემოშ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება საკლუბო მუშაობისა და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის შესახებ. შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად პოზიტიურ და კეთილგანწყობილ გარემოში. გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო წინადადება მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა გამოძახილია იმ დიდი მუშაობის, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე წელია ჩვენს სკოლაში სკოლის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზანით; კერძოდ, მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომაზე სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა პედაგოგთა რეგიონული კონფერენცია STEM-ის მიმართულებით, რომელიც მიეძღვნა ჩვენი სკოლის პედაგოგის, საქართველოში ექსპერიმენტული ქიმიის ფუძემდებლის ნიკო ჯაფარიძის ხსოვნას. კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ნიკო ჯაფარიძის შთამომავლები, მათ შორის ქალბატონი მარინე ჯაფარიძე. სწორედ მაშინ დაიბადა სკოლებს შორის თანამშრომლობის იდეა. უაღრესად საინტერესო და დატვირთული დღის ბოლოს პედაგოგები მარინე რუსაძე, მარინე ჭეიშვილი და სილოვან ხუნდაძის სახელობის პირველი სტიპენდიატი ნათია ყურაშვილი ესტუმრნენ ქალბატონ მზია ხუნდაძეს, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მოამაგის სილოვან ხუნდაძის შვილიშვილს. ქალბატონი მზია არის ჩვენი სკოლის მეგობრის, სახელობითი სტიპენდიატის იდეისა და განმახორციელებლის ეკატერინე ასათიანის დედა. სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ უხდის მადლობას სასიქადულო მამულიშვილების წინაპრებს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.